Friday, December 9, 2016

ბაქო და ანის ღრმა აზრები

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს თუ რატომ მიყვარს მოგზაურობა,თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ალბათ კალორიების საერთაშორისო კოდექსის ოქროს მუხლია.
იგი შემდეგში მდგომარეობს:"სამშობლოს გარეთ შთანთქმული არც ერთი კალორია არ ითვლება".
ზუსტად ასეა,შეგიძლიათ დაგუგლოთ!
მეცნიერება მომავლის გასაღებია და იგი არასდროს ცდება,შესაბამისად ბაქოში ნუტელალენდიდან ჩემი შაქრის ოვერდოზირებით საკაცით გამოტანა და ჰოსპიტალიზირება არ განიხილება წონის მომატების საბჭოს მიერ.
ბაქოში შოკოლადზე დახამების გარდა ბევრი სხვა რამ გავაკეთე.მაგალითად წამოვიწყე პეტიცია,რომელიც ცხვრების სიცოცხლის შენარჩუნებისა და მათი უზრუნველი მომავლის დაგეგმარებას ეხება.ეს მართლაც მტკივნეული თემაა,იმიტომ რომ ბაქოში გაზეთი და ცხვრის ხორცი ერთი პროცენტულობით იშოვება.
უუ,კიდევ ძააააალიან მდიდრები არიან.ერთ ადამიანზე ასხმული ვერსაჩეს რაოდენობა პროპორციულია კარდაშიანების ბირკინის კოლექციისა(ყველა და+დედა+რობის ცოლი).თუმცა სასტიკად ცუდად უხამებენ სამოსს ერთმანეთს,რაც კიდევ უფრო ამტკიცებს საყოველთაოდ მიღებულ შეტანხმებას რომ სტილი და მოდა სხვადასხვა რამეა.
ბაქოში გასინჯული კერძებიდან ყველაზე მეტად მომეწონა ხაჭაპური.რაღაც გენიალური კერძი იყო,ცომით და შიგნით ყველით.ღვინოებიდან ვისიამოვნე ხვანჭკარით და საოცარი ლიმონათით სახელად "ნატახტარი",რომელსაც სიმართლე ვთქვა რუსული შეფუთვა უფრო მოუხდა ვიდრე ქართული.
სანაპიროსთან ახლოს ვცხოვრობდი და უნდა აღინიშნოს რამდენიმე შემთხვევა როდესაც საძინებლის ფანჯარა ღია დამრჩა.შეიძლება ახლაც კომაში ვარ ბაქოს საავადმყოფოში და ეს ყველაფერი მესიზმრება.ანდა რახან უკვე გაყინული ვიყავი,დამაკონტეინერეს და 2127 წელს ბრწყინვალე მომავალში გამაღვიძებენ.
"ალი და ნინო" სწორედ ისაა აზერბაიჯანელებისთვის,რაც "ვეფხისტყაოსანია" ქართველებისთვის.წიგნის მაღაზიათა ქსელიც კი აქვთ,რომლის სახელიცაა "ალი და ნინო".ნაწარმოების კითხვის პროცესში ვარ და უნდა აღვნიშნო რომ 90 წლის მერეც აზერბაიჯანელები ისევე ტრადიციულები არიან როგორც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში იყვნენ.ჯამში გავერთე,ნანახით კმაყოფილი დავრჩი და პატივისცემით გავიმსჭვალე აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ.
საქართველოს მიმდებარე და წარსულით ახლოს მდგარ ქვეყნებში მოგზაურობისას ალბათ ყველა პარალელს ავლებს და ადარებს ქვეყნებს ერთმანეთს.რომ გიყვებიან უძველესი შენობების შესახებ,რომლებიც მეჩვიდმეტე საუკუნეში ააგეს,ხმამაღლა არ ამბობ არაფერს,მაგრამ გონებაში გაივლი ფიქრს რომ შენ ქვეყანაში სიტყვა "უძველესის" მნიშვნელობა ცდება ახალ წელთაღრიცხვას და უფრო ღრმად გადადის წარსულში.მიუხედავად ამისა ტურისტად დგახარ ქვეყანაში რომელიც ბევრად უფრო კეთილმოწყობილია ვიდრე საქართველო,ხალხში-რომელიც ბევრად უფრო შრომისმოყვარეა ვიდრე შენიანი და მოწყენით ფიქრობ რამხელა პოტენციალი დაკარგა შენმა ქვეყანამ წარსული ქებაში,აწმყოში წამოწოლითა და მომავალზე თვალის დახუჭვით.
საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებ რომელიმე სახელმწიფოზე მაღლა და მითუმეტეს არ დავიწყებ სხვა ქვეყნის ნაკლების გამოძებნას,რომ ამით კომპლიმენტი გავუკეთო ჩემს სამშობლოს.თუმცა რეალობა ისეთია,რომ ბევრმა ქვეყანამ რომელიც ჩვენთან ერთად იწყებდა მომავლისკენ სწრაფვას ბევრად უკან ჩამოგვიტოვა.იმიტომ რომ,ჩვენგან განსხვავებით მათ სამშობლო დააყენეს პირველ ადგილას და მერე საკუთარი ოჯახები.ჩვენ კიდევ რატომღაც პირიქით წავედით,საკუთარი კეთილდღეობა გავხადეთ პრიორიტეტი და იმას აღარ მივაქციეთ ყურადღება ზუსტად ჩვენი ოჯახის მომავალს რა გარემოში მოუწევდა ცხოვრება.
ვფიქრობ დროა საქართველო ისე მოიქცეს როგორც ახლდადმიტოვებული გოგო,მთლიანად საკუთარ თანვზე კონცერტრირდეს და დაივიწყოს წარსული.

Tuesday, December 6, 2016

ადამიანი რომელიც ყველა ჩემი ცუდი გადაწყვეტილების უკან დგას

     ანუ მე.
ჩემს გონებაში არსებობს საღი აზრი და არსებობს ანი.როგორც წესი მოცემულ სიტუაციას ორივე ერთდროულად განიხილავს და ცდილობს საუკეთესო ვარიანტი შემომთავაზოს წამოჭრილი პრობლემის გადაჭრასა თუ არჩევნის გაკეთებაში.თითქოს დალაგებული სისტემაა არა??
დააააჰ,რა თქმა უნდა არა!არ ყოფილა შემთხვევა როდესაც საღი აზრი ემთხვევა ანის მიერ გამოთქმულ იდეას,თანაც მათ შორის დებატი საათობით გრძელდება.ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლოა როდესაც მომავლისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ,თუმცა პრობლემად იქცევა როდესაც მაღაზიაში დახლთან დგახარ და კითხვაზე რომელი გირჩევნია წასახემსებლად-ლობიანი თუ ხაჭაპური,შენი გონება ინტელექტუალურ ჭიდილს აწყობს:
"-ლობიანი ჯობს,უფრო სასარგებლოა მგონი,თან ის გადაცემა ხო ნახე მარილიან მაკარონს იყენებენ ყველის მაგივრად ხაჭაპურშიო?
-სიმართლე გითხრა,ორივე ცომეულია და არც ერთი არაა მგონი სასარგებლო.შენი აზრით ავთენტური ლობიო აქვთ?
-სამაგიეროდ ლობიანი 50 თეთრით იაფი ღირს.
-დღეს ფინანსებში არ ვარ შეზღუდული.
-შეიძლება არა,მაგრამ იმ 50 თეთრით შეგძლია ბარამბინო იყიდო.
-ამდენ რაღაცას თუ შევჭამ მერე სახლში ჩემზე გაწერილი ბორშის ადგილი აღარ დამრჩება მუცელში.
-მართალი ხარ,ვერც ერთი ლობიანი ვერ აგინაზღაურებს ნათიას რისხვით გამოწვეულ ემოციურ დისბალანსს.
-ანუ არაფერი არ ვიყიდო?"
აჰაა,ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება ჩემს გონებაში,როდესაც ოდნავ უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიწევს.
მაგალითად: ერთი ასფურცლიანი რვეული მირჩევნია თუ ორი ორმოცდარვაფურცლიანი?
ამ საღამოს ვიმეცადინო შუალედურისთვის თუ ხვალ ავდგე ძაააან ადრე?
ფული სამგზავრო ბარათზე დავრიცხო თუ ლარებად შევინახო?
დღითი-დღე გავაკეთო მოცემული დავალება თუ ბოლო 2 საათში?
ერთ სერიას ვუყურო ახლა თუ მთლიანად სეზონს?
მოკლედ,რაჭველობაც რომ ჩაერთვება,ერთი-ორ წელიწადში მაქვს ხოლმე პასუხები უკვე კარგად მივიწყებულ კითხვებზე.
ტენდენციურად ანი იმარჯვებს დებატში და საღი აზრი წაგებული რჩება,შესაბამისად ჩემი ცხოვრებისეული ფიასკოების რაოდენობა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.