ზამთარი ყველაზე მაგარი წელიწადის დროა!
მიუხედავად იმისა რომ ჩემი ნათქვამი არის ფაქტი და სულაც არ სჭირდება არგუმენტებით გამყარება, მაინც ჩამოვთვლი მიზეზებს თუ რატომ იმსახურებს ზამთარი წლის სეზონის წოდებას.
1.შოკოლადების ულიმიტო რაოდენობა!
იმიტომ რომ ახალი წელი ახლოვდება,მთელ დეკემბერს დედაჩემი შოკოლადების ყიდვასა და ჩემგან მათ გადამალვაში ატარებს. რაც ნამდვილად შეუსრულებელი მისიაა. შოკოლადს ყველგან ვიპოვი, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც მგონია რამდენიმე ფარული კამერა მიღებს,რეალითი შოუს გმირი ვარ და მაყურებელი ჩემს წარუმატებლობას ელოდება.
კამერა ჩემს სახეს აფიქსირებს, ისმის კითხვა : "შეძლებს გადამალული შოკოლადების შეფუთვის პოვნას ანი?პასუხს შემდეგ ეპიზოდში გაიგებთ".
ის (წარმოსახვითი)ფანები რომლებიც ჩემს რეალითი შოუს უკვე წლებია უყურებენ აღარ ელიან შემდეგ ეპიზოდს, ისედაც იციან, შოკოლადს ვიპოვი.
თან რაც უფრო ვიზრდები და ვჭკვიანდები ჩემს ალგორითმს ვაყალიბებ ერთ ჯერზე მოპარული შოკოლადების რაოდენობასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია რომ ყველაფერი ისე უნდა წავიდეს როგორც გახვრეტილი ბოთლიდან გამომდინარი წყლის ამოცანაში.იმისთვის რომ წყლის რაოდენობა კონსტანტად დარჩეს, ჩამატებული წყლის რაოდენობა პროპორციული უნდა იყოს ბოთლიდან გამოჟონილი წყლის რაოდენობის.
კარგად ვერ ვხსნი, თუმცა ეს ალგორითმი მუშაობს და თან ცოტაოდენ ტყუილსაც თუ მოიშველიებთ და კითხვაზე ვინ შეჭამა ამდენი შოკოლადი, ოთახს დროებით დატოვებთ ყველაფერი კარგად წავა!
2. სიცივე!
ცივი ამინდი ყველაზე კარგი ამინდია!
თანაც ზამთრის ტანსაცმელი ბევრად ჯობია ზაფხულის ტანსაცმელს. ჯერ ეგ ერთი იმიტომ რომ ზაფხულში საერთოდ ტანსაცმელი გძულდება და მუდამ ისეთი მაისურის ძებნაში ხარ რომელიც არ ჩაგხუთავს.
ზამთარში პირიქითაა, რაც გინდა ჩაიცვი, უბრალოდ ჩაიცვი ბევრი!
შესაბამისად ზამთარში გინდ გარეთ,გინდ სახლში, მაცვია მთელი ჩემი გარდერობი.ამიტომაც ტანსაცმლით თუ მოხდება ჩემი იდენტიფიცირება თორემ სხეულის 100%-თან ერთად სახის 98%-იც დაფარული მაქვს.(თითო-თითო პროცენტები ჩემი თვალებია).
სრულიად სერიოზულად ვამბობ!
დედაჩემის თქმით სხვებში ჩემი ამოცნობა ისეთივე რთული მისიაა მისთვის, როგორიც ჩემთვის ოთახის დალაგებაა!არ ტყუის დედაჩემი, ვინ დაითვლის რამდენჯერ მივარდნილა ბაკურიანში მოსრიალე უცხო ბავშვთან კანატკის ბილეტის მისაწოდებლად და ის ბავშვი მე არ აღმოვჩენილვარ.
3. ზამთრის ფინალები!
სერიალების მოყვარული ადამიანისთვის უძვირფასესი პერიოდია დეკემბრის ბოლო/იანვრის დასაწყისი.
თითქმის ყველა სერიალს განსაკუთრებული საფინალო ეპიზოდი აქვს და თანაც შობის ელემენტებით გადატვირთული.არაფერს ვიტყვი შერლოკის დაბრუნებაზე!
მოკლედ ამ პერიოდში დრო ბევრია ხოლმე,განსაკუთრებით მაშინ როდესაც არავის არ ეხმარები სუფრის ალაგება/გაშლის პროცესში.შესაბამისად ლეპტოპის გარშემო მცირე რადიუსიან წრეწირად შემოკვრა ჩემთვის ჩვეულებრივი პროცესია.
4. თოვლი!
გუნდაობას ვერ ვიტან, იმიტომ რომ ერთი გუნდა სათვალეებში და მე ვსიო.
თვალებდაფსილი მეომარი კი ვის რად უნდა, სუსტი წერტილია,ამიტომაც უკვე დაჭრილს ბავშვები გუნდების გამკეთებლად მტოვებდნენ ჩვენს შტაბში. თავს იმით ვიმშვიდებდი რომ სტრატეგიულად ყველაზე მშვიდი სამუშაო მე მერგო ამ სისხლიან ბრძოლაში და მთელი კლანის წარმატება ჩემზე იყო დამოკიდებული. ნუ რა თქმა უნდა, თბილისში როდის იყო იმდენი თოვლი ჩემნაირ პროფესიონალს ჰყოფნოდა გუნდების შენებაში, შესაბამისად მალე ვრჩებოდი საქმეს და მოწყენით ვკვდებოდი.
თოვლი მაინც მიყვარს! დედაჩემის ერთ დაქალს ესეთი ტრადიცია ჰქონდა, როგორც კი თოვლს დადებდა გვირეკავდა და რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო ეზოში მივდიოდით ოჯახად.
მახსოვს 10 წლის ვიყავი და ღამის სამ საათზე გამაღვიძა დეეჩემმა, თოვლი მოვიდა და ჩაიცვი,ეზოში ჩავიდეთო.
თავი ვარსკვლავი მეგონა!
დიახ,ეს მე ვარ! ის 10 წლის ბავშვი რომელსაც ასეთ საათებში ქუჩაში ყიალის უფლება მისცეს! მგონი ერთადერთი მომენტი იყო ჩემს მიერ განვლილ 18 წლის განმავლობაში, როდესაც გავკადნიერდი და ჩავთვალე რომ ჩემი ცხოვრება ჰანა მონტანასას სჯობდა!
5.ახალი წელი/შობა/ძველით ახალი წელი/ჩემი დაბადების დღე!
აღსაღნიშნავი ბევრია!თანაც ეს ის ერთადერთი დროა, როდესაც ყველა თავისუფალია!შეგიძლია ნახო ვინც მოგენატრა და კიდევ ერთი მაგარი დღე შემატო თქვენს ნაცნობობას.
(ეს სურათი ახალ წლებზე არაა გადაღებული,მაგრამ ნამდვილად ისეთ დროსაა ჩაკარტოჩკებული როცა ერთობაც იყო და გართობაც)
ზამთარი ყველაზე ცივი/თბილი დროა დედამიწაზე!