Saturday, November 29, 2014

ჩემს უმცროს დას უფროსი დისგან

დაო,დაიკო,დუ...

პირველ რიგში,მადლობა ენ მარტინის "ჩემს დასთან ცხოვრების წესი" რომ მომიცუნცულე.გაიგონე გუშინ როგორ ვდუდღუნებდი ჩემთვის,იმდენი წიგნი მესაჭიროება ახალი წლისათვის თოვლის ბაბუს ხერხემალი დაუზიანდება მათი მოთრევისასთქო.ხოდა შენც წასუნსულდი და ერთ-ერთი მაჩუქე ჩემი ვიშლისტიდან.(ასეთი საჯარო მადლობის მერე,იმედია შეეშვები იმ სულელური აკვიატების გამეორებას რომ შენაძენი ორივესია.თანაც ალბათ მიხვდი რომ ახალ წელს საჩუქარს მაინც მიყიდი.ეს არ ითვლება!)

მოკლედ ჩემო დაო,კითხვისას ვადარებდი ჩვენს თავს ლექსისა და პერლს.დასასრულს კი მივხვდი რომ საერთო ჯამში ჩვენზე უკეთესი ყოფაქცევის დედმამიშვილები არიან,შესაბამისად უფრო მეტ დურ სიამოვნებებს აკლდებიან.რა სჯობს შენი დის თმების ბღუჯის ხელში ჭერას ანდა უფროსებთან ენის მისატანად ვიწრო დერეფანში ერთმანეთის გადასწრების მცდელობებში მოწინააღმდეგის მუჯლუგუნებით ჩალურჯებას???ბრძოლა წესების გარეშესა და ბოლო ხმაზე კივილისაგან მიღებულ სიამოვნებას დაჯაბნის კი რამე???შენ წარმოიდგინე და,ამ ამერიკელებს უფრო ცივილიზირებული მეთოდი მოუფიქრებიათ.პერლზე(უმცროსი) გაბრაზებული ლექსი(გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით უფროსი რომ გამოდის ეგ) ე.წ.ჭკუის სასწავლებელი დუმილით ტანჯავს ცუღლუტ და ცანცარა დაიკოს.მოგეხსენება ასეთი რამ მეც მაქვს ნაცადი,თუმცა არც შენზე,არც პერლზე,ასეთი რამ არ ჭრის.

ისინიც ბევრს კამათობენ და ჩხუბობენ,თუმცა მშვიდობის უფრო გრძელი პერიოდები აქვთ ვიდრე ჩვენ.

არ ვიცი ეს ამერიკელობისა და უფრო დაწყნარებული,დასტაბირებული ცხოვრების ბრალია თუ რაიმე სხვის,მაგრამ რა შევამჩნიე იცი???ლექსი და პერლი უთანხმოების მოგვარებას გარკვეულ დროს ანდომებდნენ(დღეებს,კვირებს).მე და შენ კიდევ ხელჩართული ბრძოლიდან 10 წუთის შემდეგ თმებს რომ დავივარცხნით,მაისურს დავიფერთხავთ,კიდევ ორ მწარე სიტყვას ვესვრით ერთმანეთს,უფროსობაც იყვირებს "კმარა"ო,სარკის წინ დრამატულ დუეტებს ვასრულებთ.მე ხომ შენი ბიონსე ვარ,შენ კი ჩემი ბექვოკალი!!!!ჩვენ ხომ ერთად მთელი The Beatles-ი ვართ!!!მე ხომ შენი MACKLEMORE-ი ვარ,შენ კი ჩემი RYAN LEWIS-ი!!!!მე და შენ ერთად ხომ მთელი ესტრადა ვართ!!!!

ერთ ეპიზოდში,პერლი ოთახის დალაგებისას დაობებულ ქლიავს აღმოაჩენს!!ამან იცი რა გამახსენა??დეკადების წინ,სათამაშოების დახარისხებისას,ყუთში შენს მიერ დამალული და იმ დროისათვის უკვე დამპალი ვაშლები რომ ვიპოვეთ!!!ღმერთო ჩემო!!რა დუეტი ვართ!!იქნებ ეს რაღაც უნივერსალურია???იქნებ ასეთი რამ მსოფლიოს ყველა დას ემართება??თუ მიზეზი ისაა რომ ლითლფილდებივით ჩვენც "ნირიახები" ვართ??

უამრავჯერ მაქვს მგონი მოყოლილი,მაგრამ კიდევ ერთხელ გავმეორდები,რა უჭირს!!სანამ შენ დაიბადებოდი შეკითხვაზე და მინდოდა თუ ძმა,გამოუცდელი,მცირედაბრკოლებანახული,ჩერჩეტი მე პასუხობდა-დას.ამაზე ყველა მიღიმოდა,მხოლოდ ერთხელ,ერთმა დალოცვილმა მითხრა და რად გინდა??ცხოვრებას გაგიმწარებსო!იცოდა ადამიანმა!დამეჯერებინა,მეთხოვა ზეცისათვის ძმის ჩუქება...
რა მეგონა თუ ერთმანეთისათვის თმების დაწნის მაგივრად,თმების ჩეჩვას დამიწყებდი.ტანსაცმელების გაცვლა კიდევ მხოლოდ ცალმხრივი გამოვიდოდა,მანამ სანამ შენც ჩემხელა არ გაიზრდები(მალე რა,დაო!!!მალე!!!).რა ვიცოდი რომ ამ უმცროს დებს უფროსების პირადი ცხოვრების მეტი სადარდებელი,გასართობი არაფერი აქვთ ან თუნდაც ის რომ რაღაც ამოუცნობი მიზეზებისდა გამო ნივთები რომლებთაც ჩემი ქვიათ უფრო მეტ ინტერესს იწვევენ შენში ვიდრე ყველა სხვა რამ.ალბათ ძმასთანაც შემექმნებოდა სასუსნავის გაყოფის პრობლემა,მაგრამ შენ რომ ცივსისხლიანი გამომეტყველებით,შეუვალი ტონით ბრძანებ ეს ჩემიაო,დავიჯერო,ისიც ეგრე მეტყოდა??

ყველა წყენის,დაჯღაბნილი ბლოკნოტის,დაკუწმაწებული საშინაო დავალების,უაზრო გამოხდომის,სისულელის მოროშვის შემდეგ დედამიწაზე მაინც ყველას მირჩევნიხარ!არც ერთ სიმპატიურ ბენდის წევრსა და შოკოლადის სასახლეში არ გაგცვლი.იმ მარტივი მიზეზით რომ ეს ყველაფერი მაინც შენ უნდა შეგახარბო.ანდა იმ შემთხვევაში,თუ ზემოთხსენებული არალეგალური გზით მაქვს მოპოვებული შენ ხარ ერთადერთი ვინც ასეთ სიგიჟეს მხარს დაუჭერდა და გვერდში ამომიდგებოდა.ვიცი,ჩემზე პატარა მაგრამ "ცხოვრებისაგან გამოცდილი" ხარ და იმის მაგივრად მე ვიზრუნო უმცროს დაზე,პირიქითაა.შენს 11 წლის სხეულში 60 წლის დედაბერი ზის,რომელიც ჩემზე ზრუნვას ჰყავს შეწუხებული.წყალი რომ არ დამისხა-წყურვილით მოვკვდები,რადგან ინტერნეტს წამითაც ვერ მოვშორდები,დილით რომ არ გამახსენო უტელეფონო,უჩანთო,უფეხსაცმლო შევხვდებოდი ყოველდღიურობას, პროდუქტიულობის დასამარებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

ერთხელ სადღაც,ვიღაც წერდა მეცოდება ყველა ვისაც და არ ჰყავსო.იცი რაა??მეც.
მებრალება ყველა ვინც რაიმეს ყიდვისას არ სვამს კითხვას "ჩემს დას არ უნდა??".


                                      

Monday, November 10, 2014

ცოტა პოზიტივი და "მე მჯერა შენი!"-ები :))))

ვერ ვიტყვი დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი იყოთქო.ალბათ იმ ნეგატიური მომენტების სკივრში შევჩურთავ,სადაც ასეთი დამთრგუნველი,უაზრო,მოწყენილი მოგონებები მიყრია,სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვის სიბნელეში გასატარებლად განწირულნი.

სულაც არ მენანებიან!!დაე ისე იტანჯონ,როგორც მე მტანჯავენ თავიანთი ბნელი ბუნებით.ვიცი რამდენიმე კვირაში სულ დამავიწყდება ის გულისტკენა ან თუნდაც იმედგაცრუება რაც განვიცადე,თუმცა არ ვაპირებ შემთხვევის ხელიდან გაშვებას რომ ნეგატიური შეფასებები,დამსხვრეული იმედები მოტივაცის ამატებისათვის გამოვიყენო!

თქვენც გიწვევთ პოზიტივის მოსახვეტათ:)))))

ყველას გვქონია მომენტები როდესაც გვეუბნებიან,რომ ჩვენი უსაზღვრო ცდების მიუხედავად,მიღებული შედეგი არ არის საკმარისად კარგი.ანდა არ გამოგვივა ის,რისი მიღწევაც ასე ძალიან გვსურს.ხანდახან ამ ყველაფერს ზრდილობიანადაც კი არ გვახლიან სახეში!შეურაცხყოფას გვაყენებენ ჩვენც,ჩვენს ნიჭსაც და პოტენციალსაც.ეს ყველაფერი კი გამოისახება ცუდი ნიშნით,ჩაჭრილი გამოცდის ფურცლით,წარუმატებული აპლიკაციით,ინტერვიუთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

ასეთ დროს საკუთარი თავის პატივისცემის აპარატი წრიპინს იწყებს და გვამცნობს კრიზისული პერიოდის მოახლოებას.ფიქრები რაც თავში ზუზუნებს,ქაოტურად მოძრაობს,გუგუნებს,ზუზუნებს ისეთ სისაძაგლობებს ჩაგვჩურჩულებს,გვაიძულებს სრულ ჭეშმარიტებად აღვიქვათ,რასაც მოსისხლე მტერსაც კი არ ვეტყოდით.მაგრამ ჩვენ თავს კი ძალიან იოლად ვაჯერებთ იმაში თუ როგორი გამოუდეგარი,სულელი,არაპერსპექტიული ახალგაზრდანი ვართ,რომ ვერასდროს ვერ ვიქნებით საკმარისნი,რომ რაც არ უნდა ვცადოთ მაინც ისეთივენი დავრჩებით როგორნიც ვართ.ასეთები კი ვის ვეყვარებით?ვის დავჭირდებით?ვინ შეიწუხებს ჩვენთვის თავს?ვინ დაინტერესდება ჩვენი პრობლემებით?

თუნდაც ერთი დაჯღანული კომენტარი ფარავს ათობით,ათასობით კეთილ,ტკბილ,ღიმილიან შეფასებას.იმის მაგივრად რომ მოვუსმინოთ პოზიტივის ყვირილს,ყურადღებას ნეგატივის ჩურჩულს ვაქცევთ.

და რა სულელური მიზეზით არ ვუჯერებთ ამ ყვითელ,მზესავით ნათელ გამამხნევებელ სიტყვებს??იმიტომ რომ ნათესავმა ან მეგობარმა გვითხრა.მათ კიდევ როგორ ენდობა კაცი???მაგათ  ხომ ისედაც ვუყვარვართ.მაგათთვის ხომ მნიშვნელოვანი ხალხი ვართ და მაგიტომაც მიკერძოებულები არიან!!!ხოლო მეგობრისაგან ერთხელ მაინც თუ არ გაქვთ მოსმენილი "მაგარი ხარ!!","ღმერთო შენნაირი გოიმები ნიუ-იორკ თაიმსსში მუშაობენ და პენტჰაუზებში ცხოვრობენ!" ანდაც "მაგ სწერვაზე იმდენად ლამაზი ხარ,იმ ბიჭს სიმართლის აღმქმელი თვალები რომ ჰქონდეს ცრემლები წამოუვიდოდა შენს ყოველ დანახვაზე!!!"-ეგეთი არსებები თქვენს ცხოვრებას არ სჭირდება.

რას ვამბობდი...ხო,იმას რომ არ ვუჯერებთ კეთილის მსურველთ.იმაზე გიფიქრიათ რომ თქვენს თავს დაუჯეროთ????დიადი ეჭვები რომ შემოგაწვებათ და თქვენი თავი ყველაზე ცუდი ადამიანი გგონიათ დედამიწაზე(რაც სრული სიცრუეა!!!გახსოვდეთ ჟანგბადს სუნთქავდა ჰიტლერი,ალ კაპონე,რომის გიჟ დიქტატორთა ბუკეტი და რავიცი კიდე ვინ არა!),იმას ხომ გაიფიქრებთ ხოლმე მე რომ დიდი ადამიანი გავხდები ყველა ინანებს,ვინც არასწორად შეაფასა ჩემი შესაძლებლობებიო??

ხოდა დაუჯერეთ მაგ მშვიდ,ურყევ ხმას,რომელიც მომავლის ასეთ დიდებულ პერსპექტივას გთავაზობთ!!!

მე მჯერა,რომ თქვენი გეოგრაფიის მასწავლებელი ნერვიულობისაგან ტუჩზე იკბენს,2017 წელს,როდესაც National Geographic-ში თქვენს სტატიას წაიკითხავს.
მე ვიცი,რომ თქვენი ფიზიკის მასწავლებელს ცივი ოფლი დაასხამს შუბლზე როდესაც,2016 წელს,ნობელის პრემიის მიღებისას სამადლობელო სიტყვაში მასაც მოიხსენიებთ,როგორც ადამიანს რომელმაც მოტივაცია მოგცათ 2-ანების წერით.
ოოოოო,როგორ ვიცინებ,როდესაც თქვენს მიერ დაწერილი წიგნისათვის ნომერ პირველი ბესტსელერი გახდებით და ინტერვიუში ახსენებთ იმ ლიკა მასწს რომ გარწმუნებდათ თქვენგან ლიტერატურა არაფერ ახალს არ უნდა ელოდოსო!
მე ვიცი,რომ ფეისბუქსა თუ სხვა სოციალურ ქსელებში ის ახალგაზრდები,რომელნიც დაგცინოდნენ,გამცირებდნენ,არად გაგდებდნენ,თქვენთან ერთად გადაღებულ,დენიკინის დროინდელ სურათებს ატვირთავენ და დაწერენ რომ ეს ულამაზესი,წარმატებული ჰოლივუდის ვარსკვლავი მათი საუკეთესო მეგობარი იყო!!!აუცილებლად გაგახსენებთ ჩემს წინასწარმეტყველებას როდესაც Ellen Show-ში მიწვეულნი გაიღიმებთ და საჯაროდ მადლობას გადაუხდით იმ ბიჭს,თქვენი გული რომ გატეხა.მასთან ყოფნით ხომ დაკარგავდით იმ წარმატებულ,ბრწყინვალე მომავალს სადაც ყველა ფრანცისკო ლაჩოვსკის,რაიან გოსლინგს თუ ჯარედ ლეტოს მთავარ საზრუნავს თქვენდამი სიყვარულის გამოხატვა წარმოადგენს.
მე დღეც კი მაქვს კალენდარზე მონიშნული როდესაც ერთ-ერთი თქვენგანი გაეროს დირექტორი და ვინმე სექსუალური ევროპელის მეუღლე გახდება!
ოოოო,იმაზე ხომ არაფერს ვამბობ,რომ მილანის,ლონდონის,ნიუ-იორკის,პარიზის მოდის კვირეულები თქვენს დაუსწრებლად საერთოდ არ ჩატარდება!!!


შეიძლება ცოტა ზარმაცი,გარყვნილი,ხელიდან წასული,გათამამებული ხალხი ვართ.მაგრამ ჩვენ რომ ამბიცია და რესურსი გვაქვს,მიმაჩნია,ისეთი ჯერ არც ერთ თაობას არ ჰქონია.უბრალოდ არ უნდა დავნებდეთ და ვიღაცა რომ გვეტყვის შენ ამას ვერ შეძლებო-შევხედოთ ისე როგორც უუუუუუდიდეს იდიოტს,გავუცინოთ ისე რომ ჩვენმა ქოლგეითის ღიმილმა თვალები დაუბრმავოს(ანდა გამოუხეხავმა კბილებმა ცხვირზე მოაჭერინოს ხელი) და ვუთხრათ:"ახალგაზრდავ,Forbes-ის ეგზემპლარს მიიღებთ რამდენიმე წელიწადში,ქავერზე მე ვიქნები:))",შემდეგ კი მხრებში გაშლილმა უკან მოვიტოვოთ ნეგატივი :))

ალბათ გიჟობაა,მაგრამ მწამს რომ თუ ვიმუშავებთ ჩვენი გეგმებისათვის შეუძლებელ ქმედებათა სიას რამდენიმე ასპექტს მოვაკლებთ.გვაქვს რაღაც,რაც ჯერ არ უნახავს ამ ნატანჯ მსოფლიოს და გვაქვს სათქმელი,რაზეც შეშინებული უფროსები ვერ ბედავენ საუბარს.

ისევ და ისევ ჯობსი:"სამყაროს ცვლიან ისინი,ვინებიც იმდენაც გიჟნი არიან რომ ამის შესაძლებლობა დაუშვან"...

Thursday, November 6, 2014

I am busy.DUH!!!!

მაპატიეთ,მაგრამ არ მცალია ამ არგუმენტირებული ესეს დასაწერად.
ბოდიშით,ვერ მოვასწარი ამ მოდულიანი ლოგარითმული უტოლობების,რომელთა ხარისხსაც ფუნქციური გამოსახულება წარმოადგენს,ამოხსნა.
უკაცრავად,შეიძლება ამ ელექტოიმპულსური რხევების ამოცანები შემდეგისთვის რომ დაგიწეროთ???

უბრალოდ ნამდვილად არ მცალია!!!!!!თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი სხვა,ფრიად მნიშვნელოვანი,საქმე მაქვს სწავლის გარდა :)))

 აააა,რა საქმე მაქვს??რატომ მართმევს ამდენ დროს??

ქალბატონო ქეთევან,ხომ უნდა გავიგო ყავს თუ არა შეყვარებული/საცოლე/ცოლი/შვილი ბენდის ამ სიმპატიურ ბასისტს???მე თუ არა ვინ შეუღონებს გულს ინსტაგრამზე სურათების დალაიქებით??ვინ დაგუგლავს და დაავიკიპედიებს მას?და ძალიან მაინტერესებს ვინ იმღერებს მისი ბენდის აკუსტიკურ ქავერებს,გაჩეჩილი თმითა და სელფმეიდი მაკიაჟით,სარკის წინ წარმოსახვითი მიკროფონ-სავარცხლით ხელში?

ბატონო ნიკოლოზ,იცით რა დაუმორჩილებელი გრძნობაა შიმშილი??და მითუმეტეს როცა ის მოწყენილობისგანაა გამოწვეული??საჭმელი არ უნდა ვჭამო??ხომ უნდა წავიდე ახლომახლო ფერმაში,მოვწველო ძროხა.ამოვიყვანო ყველი,ცოტა შევბოლო და სახლისაკენ გზას გამოვუდგე??მერე ხომ უნდა ვიპოვო ახლომახლო თონე,რათა გამოვაცხო ლორიანი ლობიანები.კიდევ ლიმონათის ცეხშიც ვარ შესავლელი.ნუღარაფერს ვიტყვით ბარამბოს ქარხანაზე.დესერტი,ბატონო ნიკო,დესერტი ხომ მინდა არაა??

ქალბატონო რუსუდან,ვინ უნდა გაატაროს აბაზანაში,ცხელი წყლის წვეშ.დრო,მანამ სანამ ორთქლისაგან გამოწვეული უჟანგბადობა არ დააწყებინებს ქოშინს???ვინ უნდა განასახიეროს წვიმაში მდგარი მომღერალი,რომელიც თავის გატეხილ გულზე მღერის.თანაც ეს ყველაფერი ურიცხვი წარმოსახვითი გულშემატკივრის წინაშე??შამპუნის ყოველი წასმისას ვინ უნდა ითამაშოს ლორეალის რეკლამის რომელიმე ლამაზმანის როლი,ან რეკომენდაცია გაუწიოს "head&shoulders"-ს(ეს გააჩნია რომელი შამპუნით ვიბან,დიდად პატივცემულო)??მერე ფენით თმების გაშრობისას,ვინ უნდა წარმოიდგინოს თავი პოდიუმზე გამომსვლელ მოდელად,რომელსაც სიარულისას პროტეინის ფილამენტების ეს უჩვეულო ნაკრები ლამაზად ეფინება მხრებზე???

ბატონო ირაკლი,თქვენ არც კი იცით დროის როგორი მშთანთქველია ყველა იმ სიმღერის ლაივების შესრულება,რომელთა ერთხელ მოსმენის აღიარებაც კი ხალხში თქვენს სტატუსს 0-ს ქვემოთ ჩამოიყვანს!!!!ზედმეტად დიდი დრო მიაქვს Busta rhythmes,Lil Wayne,Wiz khalifa-სა და Nicky Minaj-ის სიმღერების "გარეპვას",რის შემდეგადაც თავბრუსხვევითა თუ ენის კუნთების დამბლით,გულშეწუხებულიუნდა წამოვწვე და ცხოვრებაზე დავფიქრდე...

მოტივაციის ასამაღლებლად ვიდეოების,პოსტებისა თუ სურათების ცქერას დრო ხომ უნდა??ყველა წარმატებული ადამიანის გამონათქვამებიანი ფოტოები არ გადმოვიწერო,მერე დესკტოპზე არ დავაყენო,გარდა ამისა არ გადმოვხატო ფურცელზე,რათა შემდეგ სამუშაო მაგიდის წინ დავკიდო???

ქალბატონო თამარ,რთულია არ დამეთანხმოთ რომ სერიალების 23534643 სერიის ყურებას დრო უნდა!მერე ჯერ კიდევ მიმდინარე TV შოუების,ახალი ეპიზოდების გამოსვლას ლოდინი ხომ სჭირდება არა??თან როგორ იციან ხოლმე,ჯერ ინგლისურად დადებენ და საუკუნის მერე თარგმნიან რუსულად...

ახლების წაკითხვაზე რომ არაფერი ვთქვათ,ძველი,საყვარელი,უკვე გადასანსლული და კარგად მონელებული,წიგნების ხელახლა შესრუტვას,კი გეთანხმებით იმდენივე დრო უნდა რამდენიც თქვენს მიერ დავალებული პროქტის გაკეთებას.თუმცა რადგანაც ერთხელ ვცხოვრობთ,ჩემთვის პრიორიტეტული მეტი სიამოვნების მიღებაა.მოცემული პროექტის powerpoint-ში აწყობას კი ბედნიერების ნაკრძალიდან-მოწყენილობისა და დეპრესიული ფიქრების ხეობისაკენ მივყავარ!!!

ბატონო არჩილ,ნუ ჭმუხნით წარბებს!!!!!!თქვენ მართლა არ იცით რაოდენ ჩამთრევია შპალერის ყურება,დიადი მომავლის დაგეგმვა,იატაკზე წოლა,ნობელის პრიზისა თუ პულიცმერის პრემიის აღებისას წარმოსათქმელი სიტყვის შედგენა,სარკეში სურათების გადაღება,ტანსაცმლისა თუ წიგნების თაროების მეათასეჯერ გადმოლაგება-ორგანიზება-ხელახლა დალაგება როდესაც რაიმე პროდუქტიულის გაკეთება გაქვს დავალებული.ნურაფერს ვიტყვით ოჯახის წევრებისთვის ჩამოვლაზე იმის სათქმელად რომ მნიშვნელოვანი ტესტისთვის უნდა იმეცადინო და ხელი არ შეგიშალონ,მესენჯერით ყველა შემოსული მეგობრისთვის,ნაცნობისთვის,ვიღაც ეგვიპტელისთვის,დედაშენის დაქალისთვის,აი იმ სიპატიური ბიჭისთვის,დასალაიქებელ ლინკებს რომ გიგზავნის იმისთვის,კიდევ იმ სიმატიურ ბიჭთან რომ სურათები(და არ იცი რა კავშირი აქვს) გოგოსთვის და დაბადების დღეზე გაცნობილი ახალგაზრდისათვის წერილის მიწერა შიგთავსით-"უნდა ვიმეცადინო.თუ შემოსული მნახე გამლანძღე და გამახსენე რომ უსწავლელი ქალი არავის უნდა.ისიც მომწერე გამონაკლისია ის შემთხვევა მანდილოსანი ლამაზია თუა.მარა რომელი ვიქტორია სიკრეტის მოდელი მიგდიხარ"!!!!!

ვარ ემოციურად გაუწონასწორებელი,თბილ და დიდ ბატინკებმოყვარული,წიგნების,სერიალებისა და ფილმების გადამკიდე-ადამიანებზე.მოვლენებსა თუ განცდილ ემოციებზე არარეალური შეხედულებების მქონე,არასრულად განათლებული,კითხვის ქვეშ დაყენებული ფსიქიკის გარდა უამრავი ჯემპრის პატრონი და ამ ყველაფერთან ერთად დაკავებული ახალგაზრდა!!!ჩემს გარეშე ჩემი ფანდომი დაინგრევა,მაყურებელი მოაკლდება საყვარელ სერიალებს,ქრაშებს კი ლაიქები სურათებზე,შამპუნი აღარ დაიცლება,მობილურის ბატარეა ერთ დღეს მაინც გაძლებს დაუტენავად და ჩემი გამოსვლისას სააბაზანო ცუნამგადატანილი იაპონიასავით არ იქნება.როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საქმენი მელოდება აღსასრულებლად და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ასეთივე მასშტაბის ფატალური შემთხვევები დაფიქსირდება,შემომხედე რა თვალებში და მითხარი თავხედურად რომ ამ ნაწარმოებუსწავლელი გამოცდებში ჩავიჭრები!!!(არანაირი ირონია არ იგრძნობა ჩემს ნაწერში,ქალბატონო ქეთევან!რას მკადრებთ,კაცო!...დიახ,მესმის...მაინც ბოდიში)