Wednesday, December 31, 2014

სააბაზანოში შემასწრებენ,სახელს კიდევ ვერ ვფიქრობ...გავიქეცი მე :**

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!!!


დღეს 2014 წლის ბოლო დღეა.ყველა მზადებასა და ფუსფუსშია.დედაჩემმა სამზარეულოს ლამის ცეცხლი წაუკიდა,ბაბუაჩემმა არიქა გოჭი არ დაგვრჩეს შეუწვავიო კეგლივით მიაგდ-მოაგდო მატრიატქადის წარმომადგენლები და ისეთი დიდი დანით მექსიკელები მაჩეტეს რომ უწოდებენ უცბად გაკუწა პატივცემული გოჭი,რის შემდეგაც დიდი სიფრთხილით შეაგდო ღუმელში,ბიძაჩემს ახლა გაახსენდა საჩუქრები რომ უნდა ეყიდა,ბიძაშვილი ერთი,რა თქმა უნდა,ამ ახალ წელსაც კომპიუტერთან ხვდება,ალბათ ისევ ფეისბუქით მივულოცავ,ბიძაშვილი ორი კი საახალწლო ფილმების ცქერითაა დაკავებული,ჩემი და კი რაც გაიღვიძა იმის მერე თავზე მაზის:"ანი,ანი,ანი გახსენი რააააააა ის ყუთი როა,შავი.ვიცი რაცაა,მარა ჯერ არ მინახავს,მარა ჩემსაზე მაგარი მაინც არ იქნება.გაიღვიძე რაააა,თოვლის ბაბუ მოვიდა!!!!"

მე არაფერს არ ვაკეთებ.:)) ოთახში საახალწლო ნათურები,მძივები და სხივები ვესროლე თაროსა და კარადას და როგორც მიეტყეპა ისეთ დიზაინზე შევჩერდი.

ახლა კი კომპიუტერთან მოვთავსდი,რათა გასული წელი მიმოვიხილო.
ნორმალური 12 თვე მქონდა.არაფერი განსაკუთრებული.წავიკითხე ძალიან ბევრი მაგარი წიგნი და ასევე ძალიან ბევრ ფილმს ვუყურე.სერიალებსაც,რა თქმა უნდა.პიროვნულადაც გავიზარდე.თუმცა 2014 ალბათ იმით იყო ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული რომ ჩემი თავის სიყვარული ვისწავლე და ღმერთო ჩემო,რა ძალიან მაგარი რამეა!!

ახლა მივხვდი თავდაჯერებულობა რას ნიშნავს.ძალიან ბევრს ვშრომობდი იმისათვის რომ სხვებს მოვწონებოდი:ვვარჯიშობდი,დავრბოდი,ჩემს ძვირფას ტკბილეულობას აღარ ვჭამდი.ვიცვამდი,თმას ვივარცხნიდი ისე როგორც უმრავლესობას სიამოვნებდა.მეგონა იმის მერე რაც სხვებს მოვეწონებოდი,მეც კმაყოფილებას ვიგრძნობდი.ღმერთო ჩემო ,რა დებილი ვიყავი!!!

მეგონა ბედნიერება გარკვეული წონა,უმაღლესი შეფასება,ჩაბარებული გამოცდები,რაღაც კონკრეტული იყო,რომლისთვისაც თუ ვიმუშავებდი ყველაფერი მშვენიერი იქნებოდა.სისულელეა...ამ წლის დასაწყისში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მქონდა,ნათესავებისთვის გავლამაზდი,მეგობრებისთვის წარმატებული და განათლებული გავხდი,მავსებდნენ კომპლიმენტებით და ღიმილიანი სახეებით,მაგრამ შინაგანად უხერხულობას ვგრძნობდი,არასოდეს არ მომწონდა ჩემი გარეგნობა,არ მაკმაყოფილებდა ჩემი ნამუშევარი,თავს ისე ვაკრიტიკებდი რომ დეპრესიის დონემდეც კი დავედი.

ერთხელ დაქალმა მითხრა მე დიდი ხანია გავაანალიზე რომ მაქვს პოტენციალი გავაკეთო ყველა დავალება,პროექტი,ვიმუშავო 24 საათიო,მაგრამ თუ ამას გავაკეთებ დრო აღარ დამრჩება ბედნიერებისთვისო.ჯერ ვფიქრობდი რა სისულელეა,წარმატებას რომ მიაღწევ მერეღა უნდა იყო ბედნიერითქო,მაგრამ ჰოი საოცრებავ,როგორი სულელი ვყოფილვარ.ნუცჩიკ ჩემი შთაგონება ხარ!!!

დავიწყე ისეთი რამე-რუმების კეთება რაც მაბედნიერებდა,სანამ რამეს მივირთმევდი აღარ დავყურებდი შეფუთვას კალორიული ღირებულების საძებნელად და მაღაზიებში სიარულისას ზომების მიხედვით აღარ ვცდილობდი სამოსის შერჩევას,დილით გაღვიძებული იმას ვიცმევდი რაც კომფორტული იყო.ასეთი მე უფრო ღიმილიანი,მოტივირებული და ბედნიერია.ადრე მეგონა თავდაჯერებულობა ის იყო მივიდოდი და ყველას მოვეწონებოდი,ახლა მივხვდი რომ ეს დიადი გრძნობა ისაა რომ მივალ, და თუ ვინმეს არ მოვეწონები,მაინც მშვენივრად რომ ვარ.

მოკლედ ხალხო,მინდა გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა,მერე კი საკუთარი თავის სიყვარული!!ასეთები უფრო კარგები,კეთილები,გულისხმიერები,სხვების მიმართ თანამგრძნობიარენი გახდებით.შეიძლება 10 კეთილისმსურველიდან 2 მეგობრამდე ჩამოხვიდეთ,36 ზომიდან 42-მდე ახვიდეთ(ანდა პირიქით).მაგრამ ღირს.ერთადერთი ადამიანი რომელსაც უნდა შეეჯიბროთ და რომლის იმედების გამართლება სიცოცხლის ბოლომდე უნდა სცადოთ თქვენთითონვე ხართ.იამაყეთ საკუთარი თავით.მშვიდობა თქვენკენ :***
წავედი მე,ნამცხვრები მოიტანეს!!!
პ.ს.მარი შენი დალაგებული ხომ არაფერი ვარგა და ღმერთო ჩემო,ალოკილი ფანჯრები რა იქნება!!დაისვენე რა.ახალი წელია!!

Wednesday, December 10, 2014

ფილოსოფიური აზრები მშიერი გოგონასაგან

კარგი ამბავი ისაა რომ არაფერი გრძელდება სამუდამოდ.
ხოლო ცუდი კი....
არაფერი გრძელდება სამუდამოდ.

რაღაცნაირი ფაქტია არა??ტვინს უღიტინებს.ჯერ არ გჯერა ასეთი მარტივი ჭეშმარიტების არსებობის,ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ კი გულისტკენას გრძნობ,რომ ეს ასეა,მაგრამ საბოლოოდ ღრმად ამოისუნთქებ და ზეცას მადლობასაც კი შესწირავ.

ამ პოსტის მკითხველები(ავტორითურთ) ორ კატეგორიად იყოფიან.ისინი ვინც შეშფოთდნენ ჩემს მიერ ჭეშმარიტებად შერაცხული ნააზრევის გადახარშვის შემდეგ და ისინი ვისაც იმედი მიეცა.ამ ორი,ცასა და მიწასავით,განსხვავებული კატეგორიის წევრებს საერთო მხოლოდ ერთი რამ აქვთ:ბოლოს ყველანი კარგად ვიქნებით!

თქვენ შეიძლება ჟრუანტელმა დაგიარათ,შიშმა აგიტანათ,რეალურ ცხოვრებაში დაგაბრუნათ პირველმა აბზაცმა.მართლაც და როგორი რთული,მიუღებელია იმის გააზრება რომ ის ბედნიერება რომელსაც ახლა განიცდით დროებითია.იმის გაფიქრებაც კი ცუდ ხასიათზე გაყენებთ,რომ ერთხელაც შეიძლება გაიღვძოთ და სამყარო ისეთ არაჩვეულებრივ,საოცარ,ზღაპრულ ადგილად აღარ მოგეჩვენოთ,როგორადაც ახლა ხედავთ მას.ჩემზეც ალბათ(უკვე) არც ისე კარგი შეხედულების ხართ.
მაგრამ ეს ხომ თქვენთვითონაც იცოდით??უბრალოდ არ აძლევდით საკუთარ თავს ამ უსიამოვნო ფაქტის გონების ჯურღმულებიდან ამოქექვის საშუალებას.

თუკი მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით მინდა გითხრათ რომ არ ინერვიულოთ.რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს ცხოვრებაში,რაოდენ ცუდი,საშინელი.უაზრო ყველაფერი დალაგდება.მთავარია არ დანებდეთ.ამ სიტყვებით ალბათ საკუთარ თავს უფრო ვანუგეშებ,თანაც რეალისტის სტატუსს ოპტიმისტური წამოძახილით ვბღალავ,მაგრამ უნდა ვთქვა:ძალიან,ძალიან ღრმად გულში,მჯერა რომ ყველაფერ ცუდს ყველაფერი კარგი მოყვება.როცორც(ჩემი სუბიექტური აზრით)ყველაზე,ყველაზე მაგარი მწერალი და ადამიანი ჯონ როალდ რუელ ტოლკინი იტყოდა :"სიბნელე აუცილებლად განიდევნება ახალი დღის სინათლით.ხოლო რაც უფრო ბნელია ღამე,მით ნათელია დილა"

ჩვენი ცხოვრება არ იქნება მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი დღეების ნაკრები.წარმატებულ თვეში იქნება ერთი ოთხშაბათი რომელიც მთელი კვირის გაფუჭებას შეძლებს,ისევე როგორც ყველაზე ცუდ წელიწადში გამოერევა საათები,რომლებიც მუდამ დაგვამახსოვრდება უბედნიერეს მომენტებად.თუ ახლა ვატარებთ ყოველდღიურობის 98%-ს ღიმილით დაღმაჭული სახით სიარულში,კარგ ხასიათზე ყოფნაში და ვართ მადლობელი იმისათვის რომ ცოცხალი ვართ,ასე უნდა ვიყოთ მაშინაც როდესაც არც თუ ისე სასიამოვნო პერიოდი გვექნება.მთავარი განწყობაა და ის თუ თავს როგორ დავიჭერთ ისეთ მომენტებში რომელშიც თავისუფლად შესაძლებელია საღი აზრის დაკარგვა.

ამიტომ ბედნიერებო-იბედნიერეთ!!თუმცა ყოველთვის გახსოვდეთ რომ კონკიასაც კი მხოლოდ თორმეტ საათამდე შეეძლო მომხიბვლელ პრინცთან ცეკვა.
მოღუშულებო-გამოცოცხლდით, იგივე პრინცესას  ხომ უბედური ცხოვრება ჰქონდა ნათლია-ფერიის თუ მაგდაგვარის გამოჩენამდე.
საბოლოოდ კი იპოვა იმ პრინცმა ეს გოგო და არიან ახლა ერთად.
იმის თქმა მინდა რომ,ჩვენც ჯამში ისტორიები,ამბები ვართ.ზოგი თავისი ცხოვრების მეცამეტე თავს წერს,იმ დროს როდესაც ვიღაცამ მხოლოდ ახლა დაიკავა კალამი ხელში.წიგნს ბოლომდე თუ არ წაიკითხავ მისი რომელიმე სხვა ნაწარმოებისთვის შედარება აბსურდია.ისევე როგორც დასასრულზე ფიქრი,როდესაც პირველი გვერდი სულ ახლახან გადაშალე. იმისათვის რომ გავიგოთ ბოლოს რა ხდება,წიგნს ვკითხულობთ.ცხოვრებაც ასეა :)

 მერე რა თუ მომავალი უცნობია??? როგორც ერთმა ბრძენმა თქვა:"როდესაც არაფერია გარკვეული,ყველაფერია შესაძლებელი".ხოოო,ეს ჩემს თავში უკეთესად ჭღერდა....