Wednesday, December 31, 2014

სააბაზანოში შემასწრებენ,სახელს კიდევ ვერ ვფიქრობ...გავიქეცი მე :**

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!!!


დღეს 2014 წლის ბოლო დღეა.ყველა მზადებასა და ფუსფუსშია.დედაჩემმა სამზარეულოს ლამის ცეცხლი წაუკიდა,ბაბუაჩემმა არიქა გოჭი არ დაგვრჩეს შეუწვავიო კეგლივით მიაგდ-მოაგდო მატრიატქადის წარმომადგენლები და ისეთი დიდი დანით მექსიკელები მაჩეტეს რომ უწოდებენ უცბად გაკუწა პატივცემული გოჭი,რის შემდეგაც დიდი სიფრთხილით შეაგდო ღუმელში,ბიძაჩემს ახლა გაახსენდა საჩუქრები რომ უნდა ეყიდა,ბიძაშვილი ერთი,რა თქმა უნდა,ამ ახალ წელსაც კომპიუტერთან ხვდება,ალბათ ისევ ფეისბუქით მივულოცავ,ბიძაშვილი ორი კი საახალწლო ფილმების ცქერითაა დაკავებული,ჩემი და კი რაც გაიღვიძა იმის მერე თავზე მაზის:"ანი,ანი,ანი გახსენი რააააააა ის ყუთი როა,შავი.ვიცი რაცაა,მარა ჯერ არ მინახავს,მარა ჩემსაზე მაგარი მაინც არ იქნება.გაიღვიძე რაააა,თოვლის ბაბუ მოვიდა!!!!"

მე არაფერს არ ვაკეთებ.:)) ოთახში საახალწლო ნათურები,მძივები და სხივები ვესროლე თაროსა და კარადას და როგორც მიეტყეპა ისეთ დიზაინზე შევჩერდი.

ახლა კი კომპიუტერთან მოვთავსდი,რათა გასული წელი მიმოვიხილო.
ნორმალური 12 თვე მქონდა.არაფერი განსაკუთრებული.წავიკითხე ძალიან ბევრი მაგარი წიგნი და ასევე ძალიან ბევრ ფილმს ვუყურე.სერიალებსაც,რა თქმა უნდა.პიროვნულადაც გავიზარდე.თუმცა 2014 ალბათ იმით იყო ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული რომ ჩემი თავის სიყვარული ვისწავლე და ღმერთო ჩემო,რა ძალიან მაგარი რამეა!!

ახლა მივხვდი თავდაჯერებულობა რას ნიშნავს.ძალიან ბევრს ვშრომობდი იმისათვის რომ სხვებს მოვწონებოდი:ვვარჯიშობდი,დავრბოდი,ჩემს ძვირფას ტკბილეულობას აღარ ვჭამდი.ვიცვამდი,თმას ვივარცხნიდი ისე როგორც უმრავლესობას სიამოვნებდა.მეგონა იმის მერე რაც სხვებს მოვეწონებოდი,მეც კმაყოფილებას ვიგრძნობდი.ღმერთო ჩემო ,რა დებილი ვიყავი!!!

მეგონა ბედნიერება გარკვეული წონა,უმაღლესი შეფასება,ჩაბარებული გამოცდები,რაღაც კონკრეტული იყო,რომლისთვისაც თუ ვიმუშავებდი ყველაფერი მშვენიერი იქნებოდა.სისულელეა...ამ წლის დასაწყისში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მქონდა,ნათესავებისთვის გავლამაზდი,მეგობრებისთვის წარმატებული და განათლებული გავხდი,მავსებდნენ კომპლიმენტებით და ღიმილიანი სახეებით,მაგრამ შინაგანად უხერხულობას ვგრძნობდი,არასოდეს არ მომწონდა ჩემი გარეგნობა,არ მაკმაყოფილებდა ჩემი ნამუშევარი,თავს ისე ვაკრიტიკებდი რომ დეპრესიის დონემდეც კი დავედი.

ერთხელ დაქალმა მითხრა მე დიდი ხანია გავაანალიზე რომ მაქვს პოტენციალი გავაკეთო ყველა დავალება,პროექტი,ვიმუშავო 24 საათიო,მაგრამ თუ ამას გავაკეთებ დრო აღარ დამრჩება ბედნიერებისთვისო.ჯერ ვფიქრობდი რა სისულელეა,წარმატებას რომ მიაღწევ მერეღა უნდა იყო ბედნიერითქო,მაგრამ ჰოი საოცრებავ,როგორი სულელი ვყოფილვარ.ნუცჩიკ ჩემი შთაგონება ხარ!!!

დავიწყე ისეთი რამე-რუმების კეთება რაც მაბედნიერებდა,სანამ რამეს მივირთმევდი აღარ დავყურებდი შეფუთვას კალორიული ღირებულების საძებნელად და მაღაზიებში სიარულისას ზომების მიხედვით აღარ ვცდილობდი სამოსის შერჩევას,დილით გაღვიძებული იმას ვიცმევდი რაც კომფორტული იყო.ასეთი მე უფრო ღიმილიანი,მოტივირებული და ბედნიერია.ადრე მეგონა თავდაჯერებულობა ის იყო მივიდოდი და ყველას მოვეწონებოდი,ახლა მივხვდი რომ ეს დიადი გრძნობა ისაა რომ მივალ, და თუ ვინმეს არ მოვეწონები,მაინც მშვენივრად რომ ვარ.

მოკლედ ხალხო,მინდა გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა,მერე კი საკუთარი თავის სიყვარული!!ასეთები უფრო კარგები,კეთილები,გულისხმიერები,სხვების მიმართ თანამგრძნობიარენი გახდებით.შეიძლება 10 კეთილისმსურველიდან 2 მეგობრამდე ჩამოხვიდეთ,36 ზომიდან 42-მდე ახვიდეთ(ანდა პირიქით).მაგრამ ღირს.ერთადერთი ადამიანი რომელსაც უნდა შეეჯიბროთ და რომლის იმედების გამართლება სიცოცხლის ბოლომდე უნდა სცადოთ თქვენთითონვე ხართ.იამაყეთ საკუთარი თავით.მშვიდობა თქვენკენ :***
წავედი მე,ნამცხვრები მოიტანეს!!!
პ.ს.მარი შენი დალაგებული ხომ არაფერი ვარგა და ღმერთო ჩემო,ალოკილი ფანჯრები რა იქნება!!დაისვენე რა.ახალი წელია!!

No comments:

Post a Comment