Sunday, March 8, 2015

ცხოვრება საჩუქარია

ამას სამზარეულოში მოკალათებული ვწერ.ყველა ოთახიდან გამომაგდეს,ხალხს გვძინავსო.მეც ავდექი და ბაღში რომ სკამებს ვადგამდით ვითომ საწოლიათქო,ისე გადავწექი რამდენიმე სამზარეულოს მიკუთვნებულ ავეჯზე,მოვიდგი ახლოს კაკაო და მოვემზადე ქაქანისათვის.
კვირის ოფიციალურად ამოწურვამდე რამდენიმე წუთიღა დარჩა.თვალებიც მეხუჭება დაღლილობისაგან და გონებასაც ერთი სული აქვს დაისვენოს ჩემი უარო ფიქრებისაგან.თუმცა ამ უკანასკნელ 7 დღეში იმდენი რამე მოხდა ჩემ თავზე გავბრაზდები რომ არ დავწერო.
ამ ბოლო დროს playbuzz-ის აპლიკაციაზე შემსვა ჩემმა ძვირფასმა დაქალმა.რომ გადავწყვიტე ისეთი ელიტარული ქვიზების გაკეთება როგორიც არის "შეგიძლიათ თუარა წიგნის ამოცნობა მისი პირველი წინადადებით?" ერთი საათის მერე იმას ვარკვევდი "რა საკვები ვარ სინამდვილეში"!მოკლედ,დაახლოებით 235862938560135 ტესტი გავაკეთე,სულ სხვადასხვაგვარი სახელებით,შინაარსებითა და სურათებით დახუნძლული,თუმცა ერთი კითხვა ისევე ხშირად მეორდებოდა როგორც შენი თავისათვის მიცემული პირობა"ხვალ დილას ადრე ავდგები და ვირბენ".
ეს დიადი კითხვაა-ექსტროვერტი ხარ თუ ინტროვერტი???
საქმე ისაა რომ სადღაც შუაში ვარ.შაბათს მთელი დღე სახლში საღამურში ბოდიალი, სერიალების გამოტოვებული სერიების ცქერა,წიგნის კითხვა და ხუთი მილიარდი ჭიქა კაკაოს დალევა ისევე მიზიდავს როგორც ჯინსებსა და ახალგარეცხილ ფლანელის პერანგში გამოწყობა და მეგობრებთან ერთად ბოდიალი,ჯანდაბობების მირთმევა,ძველი ამბების მოგონება და ახალი მოგონებების შექმნა.სტატისტიკურად კი პირველი ვარიანტი იმარჯვებდა უმეტესად.
თუმცა წელს ყველაფერი შეიცვალა.ზუსტად არ მახსოვს ვინ თქვა,ალბათ რომელიმე ბერძენმა ფილოსოფოსმა,შენ ორი სიცოცხლე გაქვს.მეორე მაშინ იწყება როდესაც გაანალიზებ რომ მხოლოდ ერთი გაქვსო.მიუხედავად იმისა რომ პატარაობიდანვე კარგად ვსწავლობდი ბიოლოგიას და საკმაოდ ადრეულ ასაკში გავაცნობიერე წუთისოფლის წუთისოფლობა(რა მოხუცურად ჟღერს,არა??),უახლოეს წარსულამდე ბოლომდე არ მესმოდა რა საოცრებაა ის რომ ცოცხალი ვარ!
როდესაც ამ აღმოჩენით გამოწვეული შოკი გამინელდა მივხვდი თუ რამდენ რაიმეს დავაკლდი და რა ძლიერ ვნანობ ამას.როგორც მარკ ტვენმა თქვა ამ მომენტიდან 20 წლის შემდეგ იმას კიარ ინანებ რაც გააკეთე,არამედ იმას რაც არაო.ამიტომ სარკეში ჩავხედე ჩემს თავს და დავპირდი რომ კის უფრო ხშირად წარმოვთქვამდი ვიდრე არას!

ცხოვრება ხანმოკლეა,ჭამეთ უამრავი ნაყინი,მაგრამ იმდენი არა რომ გაინაღდოთ მისი ხანმოკლეობა.
იცინეთ იმდენი სანამ  ლოყები და მუცელი არ აგტკივდებათ.
მოიკითხეთ ნაცნობები,გაიხსენეთ საერთო ხუმრობები,დაუთქვით მათ შეხვედრა.
შეახსენეთ საყვარელ ხალხს რომ გიყვართ.
გაუღიმეთ უცნობებს,გაუღიმეთ თქვენს თავს.
დათანხმდით მეგობრის მიერ შემოთავაზებულ ყველა სიდებილეს.
იცეკვეთ,იმღერეთ,იტირეთ იდიოტობა მელოდრამებზე.
გააკეთეთ ყველაფერი რაც ცოცხლად გაგრძნობინებთ თავს!რადგან ერთელაც არ ინანოთ რომ ნაკლები გიცხოვრიათ,ხოლო უფრო მეტი გიარსებიათ.









იცხოვრეთ მომენტში,რადგანაც ეს მომენტი თქვენი ცხოვრებაა:)






Tuesday, March 3, 2015

უსასრულო საუბრები და მუცლის ამატკივებელი სიცილი...მეგობრები

ცხოვრებაში ბევრი რამის გამო ვარ მადლობელი:ცხელი წყალი,ყავა,წიგნები,ოჯახი,ვაშლის არომატიანი შამპუნები,ნაყინი და ა.შ.

ყოველთვის,როდესაც ახალ ხალხში აღმოჩენილს მრავალ კითხვას მაყრიან,რაიმე მსგავსსაც დამისვამენ ხოლმე.მეც პირველ აბზაცში ჩამოთვლილ სიდებილეს ვპასუხობ.შესაბამისად ხალხს ვაფიქრებინებ რომ ჩემი პიროვნულობა ისეთივე მოსაწყენია როგორც სკოლის პროექტის power point-ში აწყობა.
ვეცდები აქ იგივე შეცდომა არ დავუშვა.
მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების,აბსოლუტურად ყველა შეცდომისა და სწორად გადადგმული ნაბიჯის.არ ვნანობ არც ერთ წამს და არანაირად არ ვეცდებოდი დროის უკან დაბრუნებას,რაიმეს შეცვლას.ჩემმა წარსულმა დღევანდელობამდე მომიყვანა.
დღეს კი ვარ იმ ხალხთან ერთად რომელმაც ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში.

შუადღეს,როდესაც ფუნქციის ლოკალური მინიმუმის პოვნით ვიყავი დაკავებული დამირეკა ნუცკამ,მზიანი დღეა,გარეთ გამოდი გავისეირნოთო.
რუსთაველზე იმდენჯერ ავიარ-ჩავიარეთ ფილაქანი გავცვეთეთ.გზაში სურათებიც გადავიღეთ.ბევრი ვიცინეთ,ვიხალისეთ.მაგდონალდის მომსახურე პერსონალი გადავრიეთ,ანაჩკას დაბადების დღის საჩუქარიც განვიხილეთ,ნაყინებიც ვჭამეთ და ტაქსიში მსხდარებმა კაი სკანდალსაც მოვუსმინეთ რაციაში:)))
არც მეტი,არც ნაკლები...ჩემი მეგობრები ბლოგზე :)





"ლუკა პოლარე" და "კარუსელი" ჩვენნარი მაზოხისტებისათვის არაჩვეულებრივი ადგილია.ნაყინისაგან მოგვრილ ბედნიერებას გასუქების შიში წამში კლავს.თუმცა თავს ზემოთ ძალა არ არის :)


თბილისის აქამდე ჩვენთვის უცნობ გრაფიტსაც შევავლეთ თვალი 



ჩემო მეგობრებო,თქვენ არავინ გგავთ და არც თქვენ გავხართ არავის.თუ რაიმეს გამო ვარ უსაზღვროდ გაბერილი სიამაყით და ყოველ წამს მადლიერების გრძნობა მიპყრობს,თქვენ ხართ პასუხისმგებლები!









Sunday, March 1, 2015

ჩემი ჩანთა

ბავშვობაში ჩემთვის სიწმინდეს სულ სამი რამ წარმოადგენდა:შოკოლადი,ჩემი და და სხვისი ნივთები.
შოკოლადისა და დის ფაქტორი იოლი ასახსნელია.ერთი მსოფლიოს საოცრებაა,მეორე ჩემი ოჯახის.
სხვისი ნივთები კი ფანტაზიისათვის ყველაზე გემრიელი საკვებია!როგორც კი ვიღაცას იმდენად დავუახლოვდები რომ ჩემი დორიტოსი გავუნაწილო,დრო დგება მანაც გაიღოს მსხვერპლი და ჩანთა გადამიშალოს.
მაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ??არაა,მაჩვენე შენი ჩანთა და გეტყვი ვინ ხარ შენ!
იმდენი მიძრომიალია სხვის ჩანთებში დროა ჩემსაშიც ჩავაჭყიტო ხალხი :)ასე და ამგვარად ჩემი ჩანთა,მეგობრებო :)

ყოველთვის რუგზაკებით ანდა სპორტული გადასაკიდი ჩანთებით დავბოდიალობდი,ხოდა წელსაც მითხრეს დროა რაიმე ელეგანტური შეგირჩიოთო და ასეთი საჩუქარი გამიკეთეს.ბევრს იტევს,კარგა ხანია ყოველდღიურად დავაქროლებ თბილისის ქუჩებში,მაგრამ ჯერ-ჯერობით(და იმედია ასეც დარჩება)არაფერი გაფუჭებია.
ახლა შიგთავსზე გადავიდეთ:

სახლიდან არ გავალ წიგნისა და ჩემი შავი ბლოკნოტის გარეშე.თავისუფალ საკითხავს შეიძლება საერთოდაც ვერ შევავლო თვალი,მაგრამ იმდეჯერ აღმოვჩენილვარ ისეთ სიტუაციაში სადაც წიგნი არ მქონია და ამის გამო თავი მიწყევლია,ვიღაცამ იმავე რაოდენობის ოცი თეთრი რომ მომცეს,ამ პოსტს რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე მდგარი ქოხიდან დავწერდი.შავ ბლოკნოტში კი მთელი ჩემი ცხოვრებაა,ამიტომ მის სახლში დატოვებას მართლა ჯობს უთავოდ ვიარო.
კალმების ასამბლეა და გერმანულის კონსპექტები,დამტენი,სანიშნი ფურცლები-რაიცი რა დროს რა დაგჭირდება??
 ასეთი წესია ჩემს ცხოვრებაში,ყოველთვის მავიწყდება მისამართები,მეტროს სადგურის სახელები და საფულე.ამიტომაც ლამის ცრემლი გადმომივარდა თვალიდან როდესაც ეს უკანასკნელი ისეთი ვიპოვე ჩანთას რომ ეწეპება.
და ბოლოს,მაღრის საყვარელი სუნამო,თეოჩკას ფავორიტი ტუჩისსაცხი და სხვანი.
ჩამახედეთ თქვენს ჩანთაშიც,დაწერეთ სამი რამ რის გარეშეც სახლიდან არ გახვალთ :)