Wednesday, October 29, 2014

Autumn in my lungs

მიხარია,რომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობ სადაც ოქტომბერია-ლ.მ.მონტგომერი

შემოდგომა რომ შემოაღებს კარს,ჩუმად მოგეპარება და სულში ჩაგეღვრება,რა ჯობია მაგას???თათარას სურნელებაში გახვეული ბებია-ბაბუების ჩახუტების მიერ მოგვრილი სასიამოვნო ჟრუანტელის ეკვივალენტია სხეულის მიერ ცხელი სასმელებისადმი ლტოტლვის პროცენტული ზრდა.თუმცაღა წელს ზრდილობიანად დაკაკუნების,ზაფხულის მეგობრულად გაცილების მაგივრად,თავხედი წელიწადის  დრო არასასურველი გამოცდებივით დაგვადგა თავს.ანუ მოგვიტანა:შხაპის მისაღებად სააბაზანოში ორ დღიანი ვიზიტები,სტრესის(ან თუნდაც სუსხის) გამო საჭმლის მიმართ გაორკეცებული ფიზიკური თუ მორალური მოთხოვნილება,აცრემლებული თვალები და თავის ტკივილი(ზოგს ალბათ წნევაც).


ააააააააჰჰჰ,რა ჯობია შემოდგომას??ფოთლების ხრაშა-ხრუში,სიმშვიდე,სიწყნარე,შემორჩენილი ფრინველების მარტოსულობით აღსავსე გარემო მაფიქრებინებს რომ ეს სეზონი იმიტომ შეიქმნა,ადამიანი უფრო ახლოს ყოფილიყო ბუნებასთან.ყოველი ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის დროს ვგრძნობ ჟანგბადთან,ნიტროგენთან,ნახშირორჟანგთან და კიდევ მრავალ სხვა აირთან ერთად როგორ ვისუნთქავ წითელს,ყვითელს,ყავისფერსა და მზესავით მწველ ნარინჯისფერს.

წელიწადის ეს დრო ბავშვობიდან მიყვარს.მახსოვს ერთხელ,მესამე კლასის მოწაფე,ბუნების დავალებას ვწერდი,როდესაც რომელიღაც ნომრად მოვიდა კითხვა საყვარელ სეზონთან დაკავშირებით.მე,ისევე ალბათ როგორც ყველა გააზრებულმა,ჩამოყალიბებულმა და დამოუკიდებელმა 9 წლის ბავშვმა,რა თქმა უნდა, ჯერ დედაჩემს ვკითხე ყველაზე მეტად რომელი წელიწადის დრო მიყვარდა და მხოლოდ ამის შემდეგ გავაფორმე პასუხი.დედამ მითხრა შემოდგომა დაწერე,არც ძალიან ცივა,არც ძალიან ცხელა,გარემოც ლამაზი და ჰაერივით მომნუსხველიაო.ამის შემდეგ ვინმე თუ ზემოთხსენებულისდაგვარ კითხვას დამისმევდა ავტომატურად სულ "შემოდგომათქო" ვპასუხობდი.სანამ არ წამოვიზარდე და ჩემით არ დავფიქრდი,არ გავიაზრე შემოდგომის სილამაზე,მანა ჩემთვის მის ერთადერთ ღირსებას დედაჩემისათვის მისაღები ამინდების დამაკმაყოფილებელი რაოდენობა წარმოადგენდა.

მართლაც როგორი საოცარი სეზონია შემოდგომა არა???თითქოს სინდისი აწუხებს ბუნებას და უბრალო ფოთოლსაც აძლევს უფლებას სილამაზის მიუწვდომელ საფეხურებს შეეხოს და ასცდეს კიდევაც.როგორც კამიუ იტყოდა,შემოდგომა მეორე გაზაფხულია,ოღონდ ამ დროს ყველა ფოთოლი ყვავილია.თანაც როგორი უნიკალური ფერთა პალიტრით.შეიძლება ვიღაცისთვის სევდის მომგვრელია ჩამოვარდნილი ფოთლის ცქერა,ჩემ ორგანიზმში კი ამ დროს ყველა ნერვული უჯრედი ერთად წამოყოფს თავს და იმპულსების ზღვას უგზავნის ტვინს,რომელიც ასეთი მრავალფეროვნების აღქმას ვეღარ უძლებს,წარმოსახვით ხელებს,უკმაყოფილო სახით,ჰაერში აიქნევს,სიგნალიზაციებს ჩართავს,და error-error-ის ძახილით მაიძულებს გამოჩერჩეტებულმა,დაბინდული გონებით ვუცქირო ფოთლებს.ფოთლებს რომლებიც უდიდესი სიმამაცის განსახიერებები არიან.არჩევა რომ შემეძლოს რომელიმე ამპარტავანი და თავმომწონე ყვავილი კი არა,ფოთოლი ვიქნებოდი(მცენარეებიდან თორემ,ისე ბიონსეობა ანდა ლეგოლასობა არ მაწყენდა).მთელი წელი დაველოდებოდი შემოდგომას რომ უკეთილშობილეს ფერებში გამოწყობილს,ჰაერში თავისუფლება მეგრძნო და მერე თუნდაც სკოლისაკენ მიმავალი ბავშვის ფეხქვეშ ამოხდომოდათ ჩემს ბაგეთ ბოლო სუნთქვა,მაინც ყველაზე დალოცვილ ქმნილებად ვიგრძნობდი თავს.

თუმცა შემოდგომაზე ადამიანობასაც აქვს თავისი პლუსები.ყველაზე მეტად თბილი ტანსაცმელი მიყვარს,შოკოლადის,წიგნებისა და ტვინშერყეული ნათესაობის შემდეგ.თუ მთელი დგე "თბილისი მოლში" ან სადმე თქვენთვის ჩვეულ საშოპინგო ადგილებში დადიხართ რადგან ახალი ჯემპრი იყიდოთ,მაგრამ თქვენი მცდელობა კრახით დასრულდა,ნუ ინერვიულებთ მსოფლიოში საქსოვი ძაფისა თუ ცხვრების გამოლევის გამო.მიზეზი ისაა რომ ყველა უკვე მე მაქვს.


სითბოში ყოფნა ჩემი ორგანიზმისთვის ისევე აუცილებელია,როგორც ყოველ 24 საათში შოკოლადის მიღება.მეცნიერულად დადასტურებულია რომ სხვანაირად ჩემი სხეული და ტვინი დეგრადაციას განიცდის.ნორმალურ ადამიანებს,მაგალითად ჩემს დას(რომელიც ფიზიკური ჯანმრთელობის მაგალითია და არავითარ შემთხვევაში-მენტალურის),ჩემ მიერ გამათბობელზე დაყენებულ ტემპერატურაზე ჯერ სუნთქვა უხშირდება,მერე ოფლი მოდის,შემდეგ თმის ბოლოები უსველდება და დროზე თუ არ მოხერხდა მისი ევაკუირება ოთახიდან ჰაერში ორთქლდება.მე კი ასეთი ტემპერატურის პირობებში ოთახის კუთხეში გამათბობელზე ხუთჯერ შემოხვეული,პლედგადაფარებული და ცხელყავა გვერდშიამოდებული ვზივარ და თავს იმ გაყინულ ქათამს ვადარებ დედაჩემი ცეზარისთვის რომ ყიდულობს ხოლმე.შიგადაშიგ კიდრამატულად წამოვიძახებ:"აი,თურმე რას გრძნობდა ჯეკი!!!!!"(ჯამში ჩემი ცხოვრება რომანტიული მელოდრამებისა და "ბედების მბრძანებლის" დაუსრულებელი ციტატების ნაკრებს წარმოადგენს)ამიტომაც ახლოში სულ მაქვს ხოლმე რამდენიმე პლედი.

მმმმმმმმმმ,ცხელი კაკაო???ჩემს ვენებში ალბათ სისხლის მაგივრად ცხელი ჩაი,ყავა ან კაკაო ცირკულირებს.საკმაოდ ნორმალური ტვინი მაქვს,რომელიც უშვებს იმის ალბათობას რომ ვინმეს შეიძლება,რბილად რომ ვთქვათ,არ მოსწონდეს ცხელი სასმელები.თუმცა,მოვიტყუები თუ ვიტყვი,რომ ბოლომდე ვიაზრებ ასეთი ალოგიკური ფიქრის არსს.ვინც და დღის რა მონაკვეთშიც არ უნდა მესტუმროს,სულ ჩაიდნით წყლის დუღებაში ვარ.ჯამში 10-დან 8შემთხვევაში ორივე ჭიქას მე ვსვამ ხოლმე მაგრამ მაინც მიმაჩნია,ადამიანს ჩაი თუ არ შესთავაზე ის შენს უზნეობაზე შვილიშვილებსაც კი მოუყვება.

შემოდგომა იმიტომ მიყვარს რომ დედაჩემი უფრო მეტი რაოდენობის ჩაისა და კაკაოს მყიდულობს.ალბათ ამაზე მეტად სიტყვებში ვერ ჩავაქსოვ ჩემს დიად გრძნობებს ამ სეზონის მიმართ.
განსაკუთრებული მადლობა უნიჭიერეს ნუცას,ვისი კრეატიულობაც არაამქვეყნიურია <3 ამაყი  და მადლიერი მეგობარი ვარ :* :* :*

No comments:

Post a Comment