Sunday, May 24, 2015

35 კილო იმედი

გიოცნებიათ თუ არა რომ თქვენი გეოგრაფიის მასწავლებელი ხრამში გადაჩეხილიყო??დაგბადებიათ კითხვა,რაში დაგჭირდებათ ცხოვრებაში უღლება,ტრიგონომეტრია ანდა იმის ცოდნა რამდენი წლის იყო ლუი მეცამეტე როდესაც გარდაიცვალა?გამოტყდით,რამდენჯერ გისურვიათ ნიუტონს ვაშლის მაგივრად თვით ვაშლის ხე დაცემოდა??ექიმი არ მოგიტყუებიათ ცუდად ვარ,თუ შეიძლება სახლში გამიშვითო??სკოლაში წასვლამდე ერთხელ მაინც არ აგტკივებიათ მუცელი??

თუ თქვენი პასუხია-რა თქმა უნდა(და ეს რაღა თქმა უნდა რომ ასეა),მაშინ ერთი პაწაწა წიგნის კიდევ უფრო მოცუცქნული გმირი,რომელიც მხოლოდ 35 კილოს იწონის,თქვენი მეორე ნახევარია.
გრეგუარ დიუბოსკი ვერ იტანს სკოლას.ამ დაწესებულებამ ხომ ცხოვრება გაუმწარა.ვერ ხვდება რა საჭიროა ამდენი ხანი მოწყენილი იჯდეს და ყველაზე უინტერესო ამბებს უსმინოს.ისედაც ვერ გაიგებს,მისთვის ეს ყველაფერი ჩინურია.ერთ ყურში შეუშვებს,ხოლო მეორედან გამოუშვებს.
იმის მერე კი რაც ლოგოპედებმა,მასწავლებლებმა,ფსიქოლოგებმა გაამართლეს გრეგუარის მშობლების შიში და უთხრეს რომ ბავშვს უბრალოდ არ უნდოდა სწავლა,ოჯახური დრამაც დაიწყო.მოკლედ ერთი ამბავია.
თუმცა პატარა ტოტო მარტო არაა.ბაბუა ლეონი მუდამ მის გვერდში დგას.შვილიშვილი სწორად მას დაემსგავსა ხელმარჯვეობაში.ეს ერთადერთი რამაა რაც გრეგუარს აინტერესებს.თან ნიჭიერიცაა,ჯერ კიდევ შვიდი წლის იყო ბანანის გასაფრცქვნელი ხელსაწყო რომ გამოიგონა.შესაბამისად ბაბუას ფარდული მისი საყვარელი ადგილია.რეალობისაგან თავის ასარიდებლად სწორად აქ მოდის და საყვარელ ნათესავთან ერთად ჩხირკედელაობს ხოლმე.
წიგნში რამდენიმე ადგილია,რომელიც ფეხზე წამოდგომას და ტაშის დაკვრას მოგანდომებს.ბრძნული შეგონებანი ბაბუა ლეონის ტუჩებს სწყდება,როდესაც იგი შვილიშვილის დამშვიდებას ცდილობს.
არწმუნებს რომ მშობლებს შორის კონფლიქტი მისი ბრალი სულაც არაა,რომ ისინი მაინც იჩხუბებდნენ,უბრალოდ სხვა მიზეზს იპოვიდნენ ამისათვის.ეს ის სიტყვებია რომელიც აუცილებლად უნდა გაიგონოს ყველა იმ ბავშვმა შაბათ-კვირას ერთ მშობელს მეორის სანახავად რომ მიჰყავს.
ცხოვრება ბევრ სურპრიზს მოგვიწყობს.ზოგს ადრევე,პატარა ასაკში,ზოგს კი შემდგომ,ჭაღარის გადაღებვის დრო რომ მოაწევს,ასეთ მომენტებში გადამწყვეტი სწორად ის იქნება ჩვენს თავს როგორ დავინახავთ.გრეგუარს 35 კილო იმედად ესახება ის ადამიანი,მის მომავალს რომ უკეთესობისაკენ შეცვლის,ანუ იგი თვითონვე.რადგანაც როგორც ერთმა ადამიანმა უთხრა:"გაცილებით იოლია იყო უბედური,ვიდრე ყველაფერი იღონო ბედნიერებისთვის."

No comments:

Post a Comment